ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

13 ნოემბერი 2018

მანდატურის სამსახური ანტიბულინგურ კამპანიაში ჩაერთო

 

მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე და ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები, ანტიბულინგური კამპანიის ფარგლებში, თბილისის 166-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. შეხვედრას სკოლის მოსწავლეებთან კამპანიის - „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩები: თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ იაკობაშვილიც ესწრებოდნენ. 
მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებმა მოზარდებთან ბულინგისა და დისკრიმინაციის პრობლემის არსის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული მაგალითები განიხილეს. საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მოსწავლეებს ცნობილმა სპორტსმენებმაც. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასევე, ძალადობის ნებისმიერი გამოვლენის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას. 
ანტიბულინგურ კამპანიას - „ძლიერები არ ძალადობენ“ პიარ-მედია საკონსულტაციო ჯგუფი - კომპანია PRMC, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.   
სოციალური პროექტი ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრებას, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ურთიერთპატივისცემა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სპორტული სამყაროს კონსოლიდირებას ბულინგის, ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ.