საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

29.09.2020

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 2019-2020 სასწავლო წლის ანგარიში

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 2019-2020 სასწავლო წლის ანგარიში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ საზოგადოებას მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის წლიური ანგარიში წარუდგინეს.

ღონისძიებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკატერინე დგებუაძემ, გელა გელაძესთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2019-2020 წლებში განხორციელებული ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების ფარგლებში მიღწეული შედეგები გააცნო და მიმდინარე პროექტების მიზნებსა და სტრატეგიაზე ისაუბრა.

2019-2020 სასწავლო წელს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, მათ შორის:

• „მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება“, რომლის მიზანს ცენტრის თანამშრომლების ინტენსიური გადამზადება წარმოადგენდა.

• „მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდების პროცესის გაძლიერება“, რომელიც მოსწავლეთა ქცევის აღწერის ფორმისა და მოზარდთა თვითანგარიშის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებას გულისხმობდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაობის განვითარების მოდელი და მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან თერაპიული მუშაობისა და მათი უნარების განვითარების კუთხით სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს სკოლებში ბავშვთა კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს და ამ მიმართულებით სამინისტრო, UNICEF-ის ხელშეწყობით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრის მოადგილე და ღონისძიების მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიაში, რომელიც სასკოლო უსაფრთხოებისა და პრევენციის საკითხებს ეხებოდა.

შეხვედრის დასასრულს, ნაჩვენები იყო ანიმაციური და ვიდეორგოლები, რომელიც მანდატურის სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა, ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ბულინგი; გაჯეტდამოკიდებულება მოზარდებში; ეფექტური კომუნიკაცია პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის და სხვ.

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიზანია ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე სკოლის ასაკის ბავშვების/მოზარდების და მათი მშობლების/მეურვეების ფსიქოსოციალური მომსახურება. ცენტრი ბენეფიციარებს სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ სერვისებს. ცენტრში, ფსიქოგანათლების მიმართულებით, ხორციელდება საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები მშობელთა ჯგუფებთანაც, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მშობლის და შვილის ეფექტურ კომუნიკაციას, მათ შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის განვითარებას.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge