ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საპილოტე პროექტში მონაწილე სკოლებმა ანგარიში წარადგინეს
თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის და ზუგდიდის საპილოტე სკოლის დირექტორებმა მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში წარადგინეს.
ონლაინ კონფერენციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი თეონა ჩიტიაშვილი და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ბულინგის პრევენციის და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების გრძელვადიანი პროგრამის განხორციელება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა 11 საპილოტე სკოლაში 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტი მოიცავს ბულინგის, კიბერბულინგის, ტექნოდამოკიდებულების და მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებს, ასევე, სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისთვის, საკლასო გარემოს მართვის უნარ-ჩვევების გაძლიერებას და კრიზისული სიტუაციების მართვაზე ორიენტირებულ მუშაობას.
პროექტის ფარგლებში, განხოციელდა საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა რგოლთან ინტერვენცია: გადამზადდნენ საპილოტე სკოლების პედაგოგები, ადმინისტრაცია, მშობლები და მოსწავლეები.
საპილოტე პროექტის მიმდინარეობისას:
სასკოლო კლიმატის გაჯანსაღების მიზნით, მომზადდა ძალადობის (მათ შორის, ბულინგის, კიბერბულინგის) და სარისკო ქცევების იდენტიფიკაციისა და მასზე რეაგირების მოდული. აღნიშნული მოდულით გადამზადდა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 12 თანამშრომელი, საპილოტე სკოლების 571 თანამშრომელი. შეირჩა 112 პედაგოგი მშობლებთან და მოსწავლეებთან სამუშაოდ;
მომზადდა ბულინგის პრევენციისა და მასზე რეაგირების წესები და ფასეულობები. ამ მიმართულებით, გადამზადდა საპილოტე სკოლების 227 მასწავლებელი. მათ მიერ, ცენტრის თანამშრომელთა მხარდაჭერით, გადამზადდა 2710 მოსწავლე;
შემუშავდა მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის გეგმა. გაიმართა 102 საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც 1630 მშობელი მონაწილეობდა;
ამოქმედდა სასკოლო სოციალური მუშაობის კომპონენტი;
„რთული ქცევის“ მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისთვის გამოიკვეთა მასწავლებელთა საჭიროებები. მომზადდა კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების წესი და პროტოკოლი; შემუშავდა ჯგუფური ტრამვის მართვის, ასევე, რთული ქცევების იდენტიფიკაციისა და მხარდაჭერის საჭიროებების განსაზღვრის მოდულები;
შემუშავდა სასკოლო მედიაციის კონცეფცია. დაიწყო პიროვნული განვითარების ხელშემწყობი პროექტის „სხეული, გონება, ურთიერთობები“ განხორციელება;
ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის მიზნით, მომზადდა ნარკოპრევენციის პროგრამა 13 წელს ზემოთ ასაკისა და 13 წლამდე მოსწავლეებისთვის. აღნიშნული პროგრამით გადამზადდნენ საპილოტე სკოლების პედაგოგები და მანდატურები.
საპილოტე პროექტზე მუშაობისას, მანდატურის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონთან, ევროკავშირის პროექტთან „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU ACT)“, ფონდთან - „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი