საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

16.04.2021

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ანგარიში წარადგინა

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ანგარიში წარადგინა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებს ბოლო პერიოდში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მათ შორის, სკოლებში აღდგენითი პროცესების დანერგვასთან დაკავშირებული მიღწევები და გამოწვევები გააცნო.   

ონლაინ შეხვედრაში ბავშვთა საკითხებზე მომუშავე 30-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა.

როგორც მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ინტენსიურად მიმდინარეობს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება და მუშაობის ახალ, უნიფიცირებულ მოდელზე გადასვლა.   

სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, დაინერგა მომსახურების გაწევის ერთიანი მიდგომები, კერძოდ, შეიქმნა ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის წესი და სტანდარტი. ამოქმედდა მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის პრინციპები, რომელიც ემყარება შემთხვევის შესწავლას, პრევენციული და ინტერვენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ფსიქოსოციალურ ჭრილში.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერების მიზნით, მანდატურის სამსახურმა, საუკეთესო დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით, შეიმუშავა საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაობის კონცეფცია. მიმდინარე თვეში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს დაემატა კონკურსის გზით შერჩეული 28 კვალიფიციური სოციალური მუშაკი, რომლებიც ცენტრის მიერ დანერგილი ახალი მიდგომებითა და მეთოდებით იმუშავებენ.

შეხვედრის მონაწილეები მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საპილოტე პროექტის მიმდინარეობასაც გაეცნენ, რომელიც ძალადობისა და ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის გრძელვადიან თანმიმდევრულ პროგრამას ეფუძნება. საპილოტე პროექტი მიზნად ისახავს სასკოლო კლიმატის გაუმჯობესებას და მოსწავლეებში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.  

უახლოეს მომავალში მანდატურის სამსახური საპილოტე სკოლებში სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვას დაიწყებს, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, სასკოლო კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია.

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, მსგავსი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორთან სისტემატურად იმართება.

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge