საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

06.07.2021

მინისტრის პირველი მოადგილე სოციალური მუშაკების საქმიანობის შედეგებს გაეცნო

მინისტრის პირველი მოადგილე სოციალური მუშაკების საქმიანობის შედეგებს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განათლების სისტემის სოციალურ მუშაკებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც საჯარო სკოლებში სოციალური მუშაკების ორთვიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და სამუშაო პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე იმსჯელეს. შეხვედრაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი და ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი თეონა ჩიტიაშვილი მონაწილეობდნენ.

ეკატერინე დგებუაძემ სკოლებში სოციალური მუშაკებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით სტუმრებს სამინისტროს სამომავლო გეგმები და გასატარებელი ღონისძიებები გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა კი, თავის მხრივ, ერთმანეთს მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მოსწავლეების მხარდაჭერა და მათთვის ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია და სწორედ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლებში სოციალური კომპონენტის გაძლიერება.

აღსანიშნავია, რომ განათლების სისტემაში სოციალური მუშაკების გაჩენა ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესებში ბავშვების ჩართულობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრას. ამის დასტურია ისიც, რომ უახლესი მონაცემების თანახმად, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34%-ით შემცირდა, რაშიც ბენეფიციარებთან სოციალური მუშაკების ინტენსიური მუშაობის დიდი წილია.

მოსწავლეებისა და მათი ოჯახების ფსიქო-ემოციური და სოციალური მხარდაჭერის, ასევე, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების საგანმანათლებლო სისტემაში დაბრუნების მიზნით, განათლების სისტემაში სოციალური მუშაკები 2021 წლის აპრილიდან გაჩნდნენ. ამჟამად მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრებში, კერძოდ, თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარა-გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ოფისებში, დასაქმებულია 50-მდე სოციალური მუშაკი და მომავალი წლიდან მათ რაოდენობა კიდევ გაიზრდება. საბოლოოდ, საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი, რომელიც მოსაზრდებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევს.    

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge