ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა 2021 წელს განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
სკოლებში უსაფრთხო, ზრუნვაზე ორიენტირებული და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს ხელშეწყობისა და განმტკიცების მიზნით, მანდატურის სამსახურმა, გასულ წელს, წინა წლების მსგავსად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის:
საუკეთესო დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით, ადგილობრივ და ევროპელ ექსპერტებთან აქტიური კონსულტაციების საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სკოლებში სოციალური მუშაობის მოდელი შეიმუშავა. დაიწყო საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერება და სოციალური მუშაკების როლის გაზრდა, რაც გულისხმობს მოსწავლეთა, მათი მშობლებისა და პედაგოგების მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროცესში, ასევე, მოსწავლეთა ეფექტიანი სოციალური ფუნქციონირებისათვის ხელშემშლელი ფაქტორების შემცირებასა და აღმოფხვრას.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, თბილისსა და რეგიონებში, ახალი სოციალური მუშაკები დაემატნენ და მათი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. სოციალური მუშაობის კომპონენტით, მანდატურის სამსახური თბილისისა და რეგიონების 36 საჯარო სკოლაში შევიდა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, როდესაც სოციალური მუშაკი სასკოლო ცხოვრების ორგანული ნაწილი გახდა და ის თავის ფუნქცია-მოვალეობებს უშუალოდ ადგილზე ახორციელებს.
სოციალური მუშაკების მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სადისკუსიო, შემეცნებით თუ საინტერვენციო აქტივობებში ჩაერთო: 30 704 მოსწავლე; 4 015 მასწავლებელი; 7 952 მშობელი და 571 ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
არააკადემიური ვალდებულებების აღსრულებისათვის სკოლის გაძლიერებისა და სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, 2019-2021 წლებში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საპილოტედ შერჩეულ 11 საჯარო სკოლაში განახორციელა ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ბულინგის, ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის და აღდგენითი პროცესების დანერგვის მხარდამჭერი პროექტი. 2021 წლის განმავლობაში, საპილოტე პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის საინტერვენციო, საინფორმაციო, საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო: 29 342 მოსწავლემ; 8 057 მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა; 2 549 მასწავლებელმა და 211 ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა შეიმუშავა სკოლებში აღდგენითი მიდგომების დანერგვის გზამკვლევი. საპილოტე სკოლებში დაიწყო აღდგენითი პროცესების დანერგვა და წარმატებული გამოცდილების გაზიარება.
2021 წლიდან, მანდატურის სამსახურმა სასკოლო მედიაციის უპრეცედენტო პროექტი აამოქმედა. საწყის ეტაპზე, სასკოლო მედიაციის განხორციელება საპილოტედ შერჩეულ, საქართველოს 29 საჯარო სკოლაში დაიწყო, მათ შორის, აჭარის, იმერეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის რეგიონებსა და თბილისში. მედიაციის პროცესს მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები უძღვებიან.
2021 წელს, მანდატურის სამსახურის მიერ საპილოტე სკოლებში გაგრძელდა ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამა 13 წელს ზემოთ და 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის, მტკიცებულებითი მეთოდის (EU DAP Unplugged Program) გამოყენებით.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა გააგრძელა მომსახურების მიწოდება ჰიბრიდული მოდელით, როგორც ფიზიკურ სივრცეში - კრიზისული სიტუაციების გათვალისწინებით, ასევე ონლაინ - სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით. 2021 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ახალი ვებ-გვერდი befriend.mes.gov.ge, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სრული კონფიდენციალურობის დაცვით, ონლაინ ჩათის საშუალებით, მიიღოს კვალიფიციური ფსიქოლოგიური კონსულტაცია.
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომელთა ინტენსიური სამუშაოების შედეგად, მომზადდა LSCI-ის (ცხოვრების ციკლის კრიზისული ინტერვენცია) მეთოდის მასალები ქართულ ენაზე. LSCI არის საერთაშორისოდ აღიარებული, ინტერაქციული თერაპიული მეთოდი, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს ეხმარება პრობლემური სიტუაციების სწავლის შესაძლებლობებად გარდაქმნაში, პრობლემური სიტუაციის, კრიტიკული მოვლენის ან სტრესული ინციდენტების დეესკალაციასა და დაძლევაში. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სერთიფიცირებული LSCI თანამშრომლების მიერ გადამზადდა ცენტრის 59 თანამშრომელი.
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, 2021 წელს, კონკურსის წესით, 77 ახალი მანდატური შეარჩია. ისინი თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში გადანაწილდნენ. სულ, მოცემულ ეტაპზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური 607 საჯარო სკოლაში, 2 კერძო სკოლასა და 2 პროფესიულ კოლეჯშია წარმოდგენილი.
შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობით, ელექტრონული სატრენინგო პორტალის მეშვეობით, წლის განმავლობაში, გადამზადდა 423 მოქმედი მანდატური. მანდატურებმა ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები, კონფლიქტების მართვის, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები, შშმ პირებთან კომუნიკაციის თავისებურებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განახლებული სასწავლო მოდულების მიხედვით შეისწავლეს.
2021 წელს, მანდატურებმა, ძალადობისა და კიბერბულინგის გავლენებზე, პრევენციისა და რეაგირების საკითხებზე, VII-XII კლასის მოსწავლეებთან, დისტანციურ რეჟიმში, 6 455 საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარეს. გაიმართა გაცნობითი ხასიათის 1 506 შეხვედრა I კლასის მოსწავლეებთან. I-VIII კლასის მოსწავლეებისთვის კი, საგზაო უსაფრთხოების თემაზე, 10 269 შეხვედრა ჩატარდა.
ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში, მანდატურის სამსახურისთვის შექმნილი ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამით, 2021 წელს, ტრენერად კიდევ 19 მანდატური გადამზადდა. წლის განმავლობაში, მანდატურის სამსახურის ტრენერებმა 240 მოქმედ მანდატურს ჩაუტარეს ტრენინგების ციკლი ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, მრავალფეროვნების და არადისკრიმინაციული მიდგომის შესახებ. აღნიშნულ საკითხებზე გადამზადებულმა მანდატურებმა სკოლებში, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, 150-მდე შეხვედრა გამართეს.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, 2021 წელს, თანასწორობისა და ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, საჯარო სკოლებში 50-მდე შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიება ჩაატარა.
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აგრძელებს მიღწეული პროგრესის მდგრადობისა და განვითარების მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რათა ხელი შეუწყოს უსაფრთხო, მეგობრული და თანასწორი სასკოლო გარემოს განმტკიცებას.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი