ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს უმასპინძლა, პირადად მიულოცა პროფესიული დღე და მადლობა გადაუხადა იმ გაწეული სამუშაოსთვის, რომელსაც თითოეული მათგანი ყოველდღიურად მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად აკეთებს.
მიხეილ ჩხენკელი: „მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი და მადლობა გადაგიხადოთ მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვისა და მათზე ზრუნვის საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის!
თქვენ, მანდატურის სამსახურის თითოეული თანამშრომელი სისტემის იმ უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენთ, რომელსაც უდიდესი მისია – მოსწავლეებზე ზრუნვა და მათი ფსიქო-სოციალური განვითარების ხელშეწყობა გაკისრიათ. მოხარული ვარ, რომ თქვენი გულისხმიერებითა და საქმისადმი ერთგულებით მოსწავლეებისა და მათი მშობლების უდიდესი ნდობა და მხარდაჭერა დაიმსახურეთ. სწორედ თქვენი ძალისხმევისა და ყოველდღიური შრომის დამსახურებაა, რომ დღეს სკოლებში თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო, ინკლუზიური და ჯანსაღი გარემოა უზრუნველყოფილი.
პირადად მე და მთლიანად სამინისტრო, მუდამ თქვენს გვერდით ვიდგებით და მხარს დაგიჭერთ მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვის უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მანდატურის სამსახური კიდევ უფრო გაძლიერდეს და მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში შევქმნათ უსაფრთხო, მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემო!
კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას თქვენს საქმიანობაში!“
მიხეილ ჩხენკელმა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით საჯარო, თუ კერძო სკოლებში, მათ შორის უკრაინულენოვან სექტორზე, ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეების შესახებ. მინისტრის თქმით, ამ ბავშვებს თითოეული ჩვენგანის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, რაშიც მანდატურებისა და ფსიქოსოციალური სამსახურის თანამშრომელთა როლი უმნიშვნელოვანესია.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, საქართველო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, უკრაინელი მოსწავლეები ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო" შეისწავლიან.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში, მათ შორის უკრაინულენოვან სექტორზე, 600-მდე უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას.
მანდატურის სამსახურის დაარსების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანაა იყოს უფრო მეტად ზრუნვაზე და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი, რომელიც ეფექტიანად გაუმკლავდება სასკოლო გარემოს გამოწვევებს უსაფრთხოებისა და რისკების მართვის კუთხით. ამ მიზნის მისაღწევად, მანდატურის სამსახურმა შეიმუშავა და დანერგა თვისობრივად განსხვავებული მიდგომები და დაიწყო მნიშვნელოვანი, სისტემური რეფორმირების პროცესი. განხორციელდა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოსოციალური უსაფრთხოების კომპონენტების გაძლიერება. სწორედ აღნიშნული მექანიზმებით მანდატურის სამსახური წარმოადგენს ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების საუკეთესო საშუალებას.
იმ სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახურია წარმოდგენილი, სასკოლო უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ხოლო მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი უფასო ფსიქოსოციალურ მომსახურებას უწევს მოსწავლეებს, მათ მშობლებს და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის მანდატურთა ეროვნულ ასოციაციასთან (NASRO).
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი