ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა 2022 წელს სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
პრევენციული მიმართულების გაძლიერებისა და სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, საქართველოს საჯარო სკოლებში, გასული წლის განმავლობაში, წინა წლების მსგავსად, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, მათ შორის:
აქტიურად გაგრძელდა მუშაობა საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაობის კომპონენტისა და სოციალური მუშაკების როლის გაძლიერების მიზნით, რაც გულისხმობს მოსწავლეთა, მათი მშობლებისა და პედაგოგების მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროცესში, ასევე, მოსწავლეთა ეფექტიანი სოციალური ფუნქციონირებისათვის ხელშემშლელი ფაქტორების შემცირებასა და აღმოფხვრას. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, თბილისსა და რეგიონებში, ახალი სოციალური მუშაკები დაემატნენ და მათი რაოდენობა 63-მდე გაიზარდა. სოციალური მუშაობის კომპონენტით, მანდატურის სამსახური ამჟამად შესულია საქართველოს 56 საჯარო სკოლაში.
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ, სოციალური მუშაობის ფარგლებში, 2022 წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინფორმაციო, საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ, სადისკუსიო და საინტერვენციო აქტივობაში ჩაერთო: 6 328 მასწავლებელი, 1 256 ადმინისტრაციის წარმომადგენელი; 70 358 მოსწავლე; 11 114 მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
გასული წლის განმავლობაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა მოსწავლეებთან 500-მდე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს ძალადობისა და კიბერბულინგის საკითხებზე; შედგა 5 000-მდე შეხვედრა საგზაო უსაფრთხოების თემაზე. ასევე, რეგულარულად ხორციელდებოდა სასკოლო აქტივობები მოსწავლეებთან, ისეთ თემებზე, როგორიცაა: ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობა, ბულინგი, კიბერბულინგი, გენდერული თანასწორობა, ტოლერანტობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, ოჯახში ძალადობა, ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები. აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობა მიიღო 10 000-მდე მოსწავლემ.
თანასწორობის კვირეულის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოსთან პარტნიორობით, საქართველოს საჯარო სკოლებში, თანასწორობისა და ტოლერანტობის თემებზე მრავალფეროვანი საინფორმაციო და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო 6000-მდე მოსწავლემ.
2022 წელს, მანდატურის სამსახურის მიერ სკოლებში გაგრძელდა ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამა 13 წელს ზემოთ ასაკის მოსწავლეებისთვის, ასევე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის (EU DAP Unplugged Program) გამოყენებით - 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის.
გრძელდება სასკოლო მედიაციის საპილოტე პროექტის განხორციელება. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასკოლო მედიაცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია. მედიაციის პროცესს მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები უძღვებიან.
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, 2022 წლის განმავლობაში, აქტიურად განაგრძობდა ცენტრის ბაზაზე ბავშვთა და მოზარდთა როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ თერაპიასა და მშობელთა ფსიქოგანათლებას. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მიზანია დროული და დაუყოვნებელი ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა, ასევე, ფუნქციონირებს ვებ-გვერდი befriend.mes.gov.ge, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სრული კონფიდენციალურობის დაცვით, ონლაინ ჩათის საშუალებით, მიიღოს კვალიფიციური ფსიქოლოგიური კონსულტაცია.
2022 წლის განმავლობაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი უფასო ფსიქოსოციალურ მომსახურებას და საკონსულტაციო სერვისს სთავაზობდა უკრაინაში მიმდინარე ომით დაზარალებულ ადამიანებს. ამასთან, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სპეციალისტების მიერ შეიქმნა სპეციალური მოდული, რომლითაც მოხალისეობის მსურველ პირებს ჩაუტარდათ ტრენინგი. ამავე საინიციატივო კამპანიის ფარგლებში, უკრაინელ მოსწავლეებთან დაკავშირებული პირებისთვის შემუშავდა მატრამვირებელ მოვლენებზე საუბრის დროს გამოსაყენებელი დეტალური გაიდლაინი. 2022 წელს, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში დასაქმდა უკრაინიდან ჩამოსული სოციალური მუშაკი, რომელიც სოციალურ მუშაობას ახორციელებს საქართველოს საჯარო სკოლებში, უკრაინელ მოსწავლეებთან.
ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მომსახურების დანერგვის მიმართულებით, 2022 წელს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში დაიწყო რეფორმირების პროცესი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ჩართულობით, მომზადდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის დაფუძნებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, ასევე ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის მისიის განაცხადის სამუშაო ვერსია.
გაფართოების გეგმის თანახმად, 2022 წელს, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, დამატებით 85 საჯარო სკოლაში შევიდა. კონკურსის წესით შეირჩა და მოსამზადებელი კურსი წარმატებით გაიარა 357 ახალმა მანდატურმა, რომლებიც თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში განაწილდნენ.
მოცემულ ეტაპზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, საქართველოს მასშტაბით, 692 საჯარო სკოლაში, 2 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ კოლეჯში უზრუნველყოფს.
სრულად ანგარიშის ნახვა შესაძლებელია:
mandaturi.gov.ge / საჯარო ინფორმაცია / წლიური ანგარიში
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი