ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა და ევროპის საბჭომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გამართეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა უფლებებისა და თანასწორობის თემაზე, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ გახსნა და მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსგავსი ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებები ხელს უწყობს მოზარდებში ბავშვთა უფლებების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას, როგორიცაა ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და თანასწორობა.
„თქვენ წარმოადგენთ მომავალ თაობას და სწორედ თქვენი, სრულფასოვან, ღირსეულ, ევროპული ღირებულებების მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბება, არის წინაპირობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისა,“ - აღნიშნა გელა გელაძემ.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებებისა და თანასწორობის თემებზე შექმნილი პოსტერებისა და ნახატების გამოფენა მოაწყვეს. ღონისძიების მეორე ნაწილი ინტელექტუალურ თამაშს დაეთმო, რომელშიც თბილისის 6 საჯარო სკოლის მე-10 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო აბულაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მანდატურები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
თანასწორობის თემაზე გამართულ ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვება თბილისის N169 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს, ღონისძიების დასასრულს, სერტიფიკატები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
მიმდინარე თვიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მსგავსი შემეცნებითი ღონისძიებები და ინტელექტუალური თამაშები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვისაც გაიმართება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი