საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

15.01.2024

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

  

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა 2023 წელს განხორციელებული ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

სასკოლო კლიმატის გაჯანსაღების, პრევენციული მიმართულების გაძლიერებისა და სასკოლო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, 2023 წელს, წინა წლების მსგავსად, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელამათ შორის:

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, უსაფრთხოების კომპონენტით, საქართველოს რეგიონების დამატებით 27 საჯარო სკოლაში შევიდა. ამჟამინდელი მდგომარეობით, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, წარმოდგენილია 719 საჯარო სკოლაში, ასევე, 1 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ კოლეჯში.

აქტიურად გაგრძელდა სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტის დანერგვა და სოციალური მუშაკების როლის გაძლიერება. სოციალური მუშაობის კომპონენტით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ამჟამად წარმოდგენილია თბილისისა და რეგიონების 63 საჯარო სკოლაში.

სოციალური მუშაობის ფარგლებში განხორციელებულ სხვადასხვა საინფორმაციო, საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ, სადისკუსიო და საინტერვენციო აქტივობაში ჩაერთო: 9 323 - მასწავლებელი, 1 065 -  ადმინისტრაციის წარმომადგენელი, 123 510 - მოსწავლე, 13 200 - მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

მხარდამჭერი სერვისების გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდა ფსიქოსოციალური მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის წესი,  ფსიქოლოგიური მომსახურების კონცეფცია და სტანდარტები; ასევე, უშუალოდ განათლების სისტემაში მომუშავე სპეციალისტების მოხმარებისათვის - „თვითმკვლელობის პრევენციის სკრინინგ ინსტრუმენტი”.

„პროცესზე ორიენტირებული უსაფრთხო სკოლის“ მოდელის განვითარების მიზნით, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღდგენითი ურთიერთობების კონცეფციის დანერგვა გააგრძელა. სკოლებში ხორციელდება აღდგენითი ურთიერთობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი - სასკოლო მედიაციის საპილოტე პროექტი.

სასკოლო უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერების მიზნით, ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდების პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალური მხარდაჭერისთვის, დაიწყო მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასების ყოვლისმომცველი სისტემის - მასწავლებელთა ვალიდირებული სკრინინგ ინსტრუმენტის გამოყენება პრაქტიკაში.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სკოლებში აქტიურად გააგრძელა ნივთიერებათა მოხმარების პრევენციაზე მიმართული ორი პროგრამის განხორციელება: 13 წლამდე მოსწავლეებისათვის - მტკიცებულებითი მეთოდის გამოყენებით (EU DAP Unplugged Program) - ,,ცოცხალი შესრულებით, ანუ, ფონოგრამის გარეშე“ და ნარკოპრევენციის პროგრამა 13 წლის ზევით მოზარდებისთვის  - ,,სარისკო ქცევების პრევენცია.’’

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, სკოლებში ძალადობის პრევენციის მიზნით, სისტემატურად აგრძელებდნენ საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებისა და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ჩატარებას მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მშობლებთან, ისეთ თემებზე, როგორიცაა: სარისკო ქცევების პრევენცია; ემოციის რეგულაცია და ბრაზის მართვა; ძალადობის, მათ შორის - ბულინგის, კიბერბულინგის, სიძულვილის ენის გავლენის შედეგები, პრევენცია და რეაგირება; ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, ტოლერანტობა, სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები; ადრეული ქორწინება და გენდერული დისკრიმინაცია; კრიმინალური იდეოლოგია/სუბკულტურა; საგზაო უსაფრთხოება; აღზრდა და აღზრდის სტილები; ეფექტიანი კომუნიკაცია; გარდატეხის ასაკის თავისებურებები; რთული ქცევის მართვა და სხვა.

თანასწორობის კვირეულის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, თანასწორობისა და ტოლერანტობის თემებზე მრავალფეროვანი საინფორმაციო და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. ჩატარდა ინტელექტუალური თამაშები თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების მე-10 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით.

შეიცვალა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმა. ახალი ფორმა არის თანამედროვე სტილის, ადვილად იდენტიფიცირებადი, ყოველდღიურ რეჟიმში კომფორტული და პრაქტიკული.

სრულად გარემონტდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის რეგიონული ოფისები ქ. ფოთსა და ქ. თელავში, ასევე სარემონტო სამუშაოები განხორციელდა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თბილისის ოფისში.

2023 წლის 15 ნოემბერს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად,  2024 წლიდან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლებასთან დაკავშირებული სერვისების განხორციელება მოხდება ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ, რაც გააუმჯობესებს პროცესის კოორდინაციას. ეს, თავის მხრივ,  გაზრდის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობასა და ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.; ამასთან, დაინერგება ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მომსახურებები.

სრულად ანგარიშის ნახვა შესაძლებელია:

mandaturi.gov.ge/ საჯარო ინფორმაცია/ წლიური ანგარიში

 

  

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge