ახალი ამბები
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურმა შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები გამართა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გურიისა და აჭარის რეგიონებში, მოსწავლეებისთვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „არაფორმალური განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდებში ისეთი ფასეულობებისა და ღირებულებების დამკვიდრებისთვის, როგორიცაა ტოლერანტობა, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და შემწყნარებლობა“.
ბათუმისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშში თანასწორობისა და ბავშვთა უფლებების შესახებ. მოზარდებმა ტოლერანტობისა და თანასწორობის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და ის ცნობილი ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეები გაიხსენეს, რომლებიც ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდნენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან ინტელექტუალურ თამაშში მონაწილე სკოლებს შორის გამარჯვება ქალაქ ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა მოიპოვა. ბათუმში კი საუკეთესო შედეგი მე-15 სკოლის მოსწავლეებმა აჩვენეს.
გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს სახელით, სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და წიგნის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.
ბათუმსა და ოზურგეთში გამართულ ღონისძიებებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, მასწავლებლები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, მსგავს ინტელექტუალურ-შემეცნებით ღონისძიებებს მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი