ახალი ამბები
საჯარო სკოლებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციისთვის კამპანია - „მე მომავალში“ იწყება
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში იწყება ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანია „მე მომავალში“, რომლის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ მომავალი თაობისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
კამპანიის პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით 60 საჯარო სკოლაში, მართლწესრიგის ოფიცრები და მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ტრენერ-მანდატურები, მე-6, მე-9 კლასის მოსწავლეებთან, ერთობლივად გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენის, მისი მოხმარების პრევენციისა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების შესახებ. საინფორმაციო შეხვედრების გარდა, დაგეგმილია კომიქსების კონკურსის, სპორტული ღონისძიებებისა და სხვა შემეცნებითი აქტივობების ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ სკოლებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანიის წარმართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მოამზადეს მოსწავლეებთან შეხვედრის მოდული, კოორდინირებულად იმუშავეს პრაქტიკული კომპონენტის ნაწილზე და ჩაატარეს სიმულაციური შეხვედრები.
პირველ ეტაპზე შეხვედრები – თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში გაიმართება.
კამპანიის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი

