ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის სპეციალისტებმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან თერაპიული ინტერვენციის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრისა და ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის 30-მა სპეციალისტმა, მათ შორის ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა, მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში, რომელიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე ტრავმაზე ორიენტირებულ და თერაპიულ ინტერვენციებს მიეძღვნა. სასწავლო კურსი ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.
სასწავლო პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს აერთიანებდა და მიზნად ისახავდა სპეციალისტების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, რათა ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს დროული, ეფექტიანი და მათ საჭიროებებზე მორგებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გაეწიოთ. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ტრავმის ადრეული გამოვლენისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული ინტერვენციები და გამოძიების პროცესში ბავშვთა მხარდაჭერის მექანიზმები. ასევე, სპეციფიკური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის თავისებურებები და სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
ტრენინგი მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობა სპეციალისტებისგან მუდმივ პროფესიულ განვითარებას მოითხოვს, მსგავსი სასწავლო პროგრამები მნიშვნელოვნად აძლიერებს სამსახურის შესაძლებლობებს ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას, რაც სპეციალისტების პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და ბავშვთა დაცვის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

