საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

13.11.2026

მანდატურის სამსახურის უფროსმა ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მანდატურის სამსახურის უფროსმა ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პავლე მაჭარაშვილმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ მასოლინმა, ევროპის საბჭოს ბავშვთა უფლებების განყოფილების პროექტის მენეჯერმა ანა ბრაკომ და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსმა მირიან მეგრელიშვილმა.
პავლე მაჭარაშვილმა ევროპის საბჭოსა და პროექტის გუნდს მრავალწლიანი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, 2019 წლიდან დაწყებული წარმატებული თანამშრომლობა ხელს უწყობს სკოლებში უსაფრთხო გარემოს განმტკიცებასა და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვას.
პროექტის ფარგლებში, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, მანდატურის სამსახურისთვის შეიქმნა ორი გზამკვლევი, რომლებიც სექსუალური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების საკითხებს შეეხება. გზამკვლევების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით გადამზადდნენ მანდატურის სამსახურის მოქმედი ფსიქოლოგები და დამატებით 60 თანამშრომელი, მათ შორის მანდატურები და სოციალური მუშაკები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მანდატურის სამსახურის სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასაც. სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა და მანდატურებმა გაიარეს ტრენინგები სოციალური და ქცევითი მეცნიერებების, ონლაინ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და მასზე დროული რეაგირების საკითხებზე. გარდა ამისა, მანდატურის სამსახურს გადაეცა მინი ციფრული კურსი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან სწორი კომუნიკაციის შესახებ.
თანამშრომლობის კიდევ ერთი მიმართულებაა ბავშვებზე მორგებული რესურსების განვითარება. დასკვნით ეტაპზეა ბავშვთა უსაფრთხოების ჰაბზე მუშაობა, რომელიც მანდატურის სამსახურის არსებულ ვებგვერდზე — befriend.mes.gov.ge — განთავსდება. ჰაბის მიზანია, ბავშვებს უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაცია მარტივი, საინტერესო და გასაგები ენით მიაწოდოს, დაეხმაროს მათ ძალადობისა და სხვა საფრთხეების ამოცნობაში, საკუთარი უფლებების გაცნობიერებასა და საჭირო მხარდაჭერის მიღებაში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაძლიერებთ ბავშვთა დაცვის მექანიზმებს და მოვარგებთ მათ ქართულ რეალობასა და საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებს“, — განაცხადა პავლე მაჭარაშვილმა.
პროექტს „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ევროპის საბჭოს ბავშვთა უფლებების სამმართველო საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიმდინარეობს 2024 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. მისი მიზანია ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, მათ შორის ონლაინ გარემოში, ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და სექსუალურ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმების გაძლიერება და საქართველოს კანონმდებლობის ევროპის საბჭოს ლანსაროტის კონვენციასთან („ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის შესახებ“) შესაბამისობის ხელშეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge