ახალი ამბები
ამერიკელი მანდატურები რომ იარაღს ატარებენ, ამერიკული რეალობაა (გაზეთი 24 საათი)
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურის სამსახური მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი ხდება. საქართველოში მანდატურის სამსახურის საქმიანობის გასაცნობად და კავშირების დასამყარებლად ამერიკელი მანდატურები იმყოფებოდნენ.
გთავაზობთ ინტერვიუს ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASPRO) აღმასრულებელ დირექტორთან, ჯეიმს მორის კენედისთან.
- ჩვენს ქვეყანაში ”უსაფრთხო სკოლის” კონცეფციით გათვალისწინებული მანდატურის ინსტიტუტი 2010 წლიდან ინერგებოდა. საზოგადოების მხრიდან იყო ფრთხილი დამოკიდებულებაც, კრიტიკულიც და ძალზე კრიტიკულიც. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ თქვენ, როგორ მუშაობს ახლა ეს ინსტიტუტი საქართველოში.
- ორი დღეა საქართველოში ვარ და ძალიან დადებითი შთაბეჭდილებები შემექმნა. მეც და ჩვენს დელეგაციასაც საშუალება მოგვეცა, გვენახა ახალგახსნილი მასწავლებლის სახლი; ვიყავით პოლიციის აკადემიაში, გავეცანით მანდატურთა მომზადების სამკვირიან პროგრამას, რომელიც ჩემი აზრით, ძალზე შთამბეჭდავი პროგრამაა. ვიყავით ასევე თბილისის ზღვაზე, სადაც მაშველთა ცენტრი მდებარეობს და სადაც მანდატურები მაშველთა კურსსაც გადიან. სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით, რომ ქართველი მანდატურები პირველად დახმარებასაც სწავლობენ. ამერიკელი მანდატურები ამ სახის სწავლებას არ გადიან და კარგი იქნება, თუ ასეთ გამოცდილებას თქვენგან გავიზიარებთ და დავნერგავთ.
- მართლაც გაოცებული ჩანხართ... რას ელოდით, როცა საქართველოში ჩამოდიოდით?
- რაც ეხება - მოლოდინებს... სანამ თქვენი ქვეყნიდან მოწვევას მივიღებდი, ძალზე ცოტა რამ ვიცოდი საქართველოზე. მე ალაბამიდან ვარ და როცა ჯორჯიას ახსენებდნენ, ჩემი მეზობელი შტატი მეგონა... ძალიან გამიკვირდა, როცა სხვა ჯორჯიაც აღმოვაჩინე. მოწვევის მიღების შემდეგ, მე და ჩემმა ჯგუფმა მოვიკვლიეთ ცნობები საქართველოს შესახებ, გავარკვიეთ, რომ ძალიან ძველი და მდიდარი ისტორიისა და კულტურის ქვეყანა გაქვთ.
რაც ეხება თქვენი სკოლის მანდატურებს და მათ საქმიანობას - ამ მოლოდინებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან წარმოდგენა არ მქონდა მანამდე, რა დამხვდებოდა აქ, არსებულ სურათს ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი.
- როგორ ინერგებოდა მანდატურის ინსტიტუტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა მოლოდინები იყო. რა არ მოსწონდა საზოგადოებას, მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს?
- მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაცია 1991 წელს ჩამოყალიბდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლის მანდატურები მანამდე არ არსებობდნენ. ეს ინსტიტუტი აშშ-ში 50-იანი წლებიდან დაინერგა. ჩვენი ორგანიზაციის ჩამოყალიბება იმან განაპირობა, რომ ერთგვარად, სწორედ 90-იანი წლებიდან დაიწყო სერიული თავდასხმები სკოლებზე, სკოლები კრიმინალმა მოიცვა. ამის შემდეგ საჭირო გახდა, თავიდან აეცილებინათ ეს ყოველივე და მეტი კონტროლი ყოფილიყო სკოლებში. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაციის ჩამოყალიბების საჭიროებაც დადგა.
რაც ეხება სირთულეებსა და გამოწვევებს, ცხადია, საფუძველში რთული იყო, რადგან სრულიად ახალი, ამერიკისთვის მაშინ უცხო ინსტიტუცია ყალიბდებოდა. მოგეხსენებათ, ამერიკელი მანდატურები პოლიციის ჩვეულებრივი ოფიცრები არიან, რომელთაც აქვთ იარაღის ტარების უფლება და პოლიციის დეპარტამენტებს ექვემდებარებიან. განსხვავებით ქართველი მანდატურებისაგან, რომლებიც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არიან.
ამერიკელმა მშობლებმა მაშინ ეს სიახლე ძალიან კარგად მიიღეს. ამ მხრივ სირთულეები, პრაქტიკულად, არც ყოფილა, იმიტომ, რომ ეს უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე იყო დამყარებული, რაშიც მშობლებიც იყვნენ დაინსტერესებულნი. პრობლემები უფრო იმ კუთხით ჩანდა თუ როგორ უნდა მორგებულიყო ეს ინსტიტუცია - სკოლის მანდატურთა სისტემას სასწავლო პროცესზე. NASPRO -მ თავის ტრენინგებში ჩართო საგანმანათლებლო კომპონენტი, რომელიც იმას გულისხმობდა, რომ პატრულის ჩვეულებრივი ოფიცრები სხვადასხვა მიმართულებით გადამზადებულიყვნენ, რათა შესძლებოდათ ბავშვებთან მუშაობა და სკოლის უსაფრთხოების დაცვა იმის მიუხედავად, რომ კანონგანმტკიცებითი ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ.
- რაიმე კონკრეტულ ქეისს ხომ არ გაიხსენებდით - მაგალითად, როგორ ჩაიარა მოსწავლეებისა და მანდატურის პირველმა შეხვედრამ სკოლის დერეფნებში?
- მე შემიძლია მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე ვისაუბრო და ვთქვა, რომ მოსწავლეები პირველი დღიდან ძალზე დადებითად შეხვდნენ მანდატურების გამოჩენას.
- ამერიკელ და ქართველ მოსწავლეებს შორის გარკვეული განსხვავება მაინც ყოფილა... რა საერთო და განმასხვავებელი აღმოაჩინეთ ქართველ და ამერიკელ მანდატურებს შორის?
- კარგი კითხვაა. საერთო ისაა, რომ ორივე ჩვენი ქვეყნის მანდატურებს ერთი მიზანი და ორიენტირი გააჩნიათ - უსაფრთხო უსკოლა, უსაფრთხო ბავშვი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება ისაა, რომ - ამერიკელი მანდატურები არიან პოლიციის ოფიცრები, ისინი იარაღს ატარებენ, ქართველი მანდატურები კი უშუალოდ ექვემდებარებიან არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ - განათლების სამინისტროს.
- და ეს განსხვავება კარგია? კარგია რომ მანდატურები პოლიციის განყოფილებებს არ ექვემდებარებიან და იარაღს არ ატარებენ?
- რაც შეეხება იარაღის ტარებას - ვერ ვიტყვი, ეს დადებითი ტენდენციაა - თუ უარყოფითი. ქართველ მანდატურთა საქმიანობა იარაღის ტარებას არ მოითხოვს და ეს ინსტიტუცია ქართულ რეალობას არის მორგებული. ჩვენთან რომ იარაღის ტარების აუცილებლობა დგას, ეს ამერიკულმა რეალობამ გამოიწვია.
- რა რეკომდაციებს მისცემდით თქვენს ქართველ კოლეგებს და აქ სიტუაციის გაცნობის შემდეგ, მომავალში რა ტიპის თანამშრომლობას დანერგავთ?
- პირდაპირ რეკომნდაციებს ვერ დავარქმევდი... პირველ რიგში, ჩვენი რეკომენდაცია ის იქნებოდა, გააგრძელონ საქმე, რომელსაც ეწევიან და რომელიც ეფექტური და წარმატებულია. ჩვენ იმისთვის ჩამოვედით, რომ გავცნობოდით თქვენი მანდატურების გამოცდილებას, უნარ-ჩვევებს და პირიქით - ჩვენი გამოცდილებაც გაგვეზიარებინა. ჩვენი აქ ჩამოსვლა ორმხრივი საგანმანათლებლო მისიაა. თქვენ ძალზე კარგი სასწავლო პროგრამა გაქვთ და პირველ რიგში ეს უნდა გააგრძელოთ.
არ ვიცი, ეს როგორ გამოვთქვა იმდენად დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ისიც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს ქვეყანა უდიდესი პოტენციალის მქონეა და ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, რომ ჩვენი ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა შედგება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი